ჟურნალი ნომერი 5 ∘ ლიანა იმერლიშვილი პოპ არტის საწყისებთან - ღმერთკაცები და ქალღმერთებიXX საუკუნის ვიზუალური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, სოციო-პოლიტიკური დატვირთვის მქონე მიმართულებების გააქტიურებაა, რომლებიც ე.წ. „ანდრეგრაუნდ“ (მიწისქვეშა) სივრციდან, ხელოვნების ავანსცენაზე ინაცვლებენ და განმსაზღვრელ როლს ასრულებენ ახალი არტისტული მიმდინარეობების ფორმირებაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ჰომოეროტიკული, გეი-კულტურის მზარდი გავლენა დასავლურ, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნებაზე, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება XX საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკური ელფერის მქონე გეი მოძრაობა. მზარდი პოპულარობის მქონე ჰიპების აქტივობასა და სექსუალურ რევოლუციას, ამ პერიოდის დასავლურ კულტურაში სქესთა როლების აღრევა და, შესაბამისად, ანდროგინული - საპირისპირო სქესთა ერთიანი კონცეფციის მიმართ ინტერესის ზრდა მოჰყვა. ამ პროცესების შედეგად, საზოგადოების შეცვლილი გემოვნების შესატყვისი, იდეალური სხეულის მოდელი, ამბივალენტური ნიშნებით ხასიათდება. ყველაზე მკაფიოდ, ეს ცვლილებები, ამ დროის არტისტული სცენის ყველაზე წარმატებულ მიმდინარეობაში - პოპ არტის ხელოვნებაში გამოვლინდა, რომელიც მისი განვითარების მწვერვალის, ენდი უორჰოლის (1928- 1987) სუპერვარსკვლავების სერიის კვალდაკვალ, პოპ-კულტურული პაგანიზმის ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ეს პროცესები, ერთი შეხედვით, ინოვაციური ხასიათისაა, მისი გენეზისის კვლევას ევროპულ მემკვიდრეობასთან მივყავართ, რადგანაც გეი-კულტურა, დასავლური ცივილიზაციის პაგანური მემკვიდრეობის რენესანსია, რომელიც ქრისტიანობის მორალსა და ეთიკურ ნორმებს თითქოს უნდა ჩაეხშო, თუმცა, იგი არა თუ არ გამქრალა, არამედ სხვადასხვა საფარვლის ქვეშ, მუდმივად განაგრძობდა არსებობას. ასეთი რაკურსით განხილული ჰომოეროტიზმის ფენომენი, გაცილებით კომპლექსურად წარმოაჩენს ამ მოვლენას და მის შთამბეჭდავობას თანამედროვე კულტურაში. აქედან გამომდინარე, ამერიკული პოპ არტის ფორმირებაში, არა მხოლოდ კონსუმერული საზოგადოების მოთხოვნილებათა შესაბამისი ფორმების ძიებაა გასათვალისწინებელი, არამედ ის ხანგრძლივი ვიზუალური ტრადიციაც, რომელიც ასევე ასაზრდოებდა მას და მოგვიანებით განსაზღვრავდა კიდეც პოპ-სცენის ამ ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს.
ამ საკითხის ანალიზისთვის, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ცნობილი ინგლისელი ფოტოგრაფის, მხატვრისა და დიზაინერის, სერ სესილ უოლტერ ბიტონის (1904-1980) შემოქმედების კავშირი, პოპ-არტის ხელოვნების ერთერთ პირველ ნამუშევართან, ცნობილი ინგლისელი არტისტის, რიჩარდ ჰამილტონის (1922 – 2011) 1956 წელს შესრულებულ ნაწარმოებთან: „რა აქცევს თანამედროვე სახლებს ასე მიმზიდველს, ასე განსხვავებულს? (Just What Is It That Makes Today’s Homes So Different, So Appealling?, 1956) (დანართი 1) თუმცა, სანამ უშუალოდ ამ ორი ხელოვანის კავშირს შევეხებით, საინტერესოა თვალი გადავავლოთ ჯერ კიდევ უძველეს ცივილიზაციებში დადასტურებული ჰომოეროტიკული ფენომენის ემანსიპაციას დასავლურ კულტურაში.
ჰომოეროტიკული სახეები, ყველაზე თვალსაჩინოდ, ბერძნულ-რომაულ კულტურებში გვხვდება, სადაც სილამაზის სტანდარტი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცს უკავშირდება, რაც ბერძნულ kalokagathia-ს ფილოსოფიურ დოქტრინას ეფუძნება. ძველ ბერძნულ საზოგადოებაში მიღებული სოციალურ ურთიერთობათა ნორმებისათვის, სავსებით დასაშვები იყო ახალგაზრდა ჭაბუკსა და უფროს მამაკაცს შორის სასიყვარულო ურთიერთობა, რაც მკაფიოდ აისახა კიდეც, როგორც კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურაში, ასევე ამავე პერიოდის ვიზუალურ პროდუქციაში (დანართი 2). ბერძნულ ხელოვნებაში დამკვიდრებულ მამაკაცის ათლეტურ გამოსახულებას, მოგვიანებით, ჰომოეროტიზმის სინონიმადაც იყენებდნენ. მაგალითად, გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი და არქეოლოგი, იოახიმ იოჰან ვინკელმანი (1717-1768), თავის ნაშრომებში, რომლებიც ბერძნულ-რომაული კულტურის პერიოდიზაციასა და კლასიფიკაციას ეხება, ანტიკური ხელოვნების ყველაზე ცნობილ ქანდაკებებს - “ლაოკოონს” (დანართი 3), “ბელვედერის ტორსსა” (დანართი 4) და „ბელვედერის აპოლონს“ (დანართი 5) ჰომოეროტიკულ ნამუშევრებად განიხილავდა.
ვინკელმანის მიხედვით, მამაკაცური ჰეროიზმის საფუძველი ინდივიდის ველური სწრაფვაა თავისუფლებისადმი, რაც ვიზუალურად, აქტიური, კუნთებიანი გმირის სახითაა გამოსახული. ბელვედერის ტორსი, მკვლევარის აზრით, გარდაცვლილი ღმერთკაცის-ჰერკულესის რეპრეზენტაციაა, რომელიც თავისი წარსული ძალისა და მიღწევების დამსახურებით უერთდება ღმერთებს მათთვის განკუთვნილ ოლიმპოს მთაზე. მასკულინური საწყისის ორი უნაკლო განსხეულების, ლაოკოონისა და ბელვედერის ტორსის დახასიათებისას, იგი აღნიშნავს, რომ აქტიური, ძლევამოსილი მამაკაცის სახეს, სამყაროსთან მისი კონფლიქტი განსაზღვრავს. ბელვედერის აპოლონი კი, ვინკელმანისთვის, ძალისა და ეროტიკული სილამაზის კომპლექსური ნაზავია. აპოლონის გველთან ორთაბრძოლის შემდეგ ასახული სხეული, მკვლევრის აზრით, მამაკაცური ძლიერების რეპრეზენტაციაა, რომელიც ბრძოლის შემდგომი სიმშვიდითაა მოცული, გველის გამგმირავი შუბი კი, სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლების სიმბოლოა. სწორედ ამ სკულპტურაში ხედავს იგი იდეალური მამაკაცური ფიგურის ნიმუშს, რომელშიც ქალურ სინაზესთან ერთად, მამაკაცური დომინაციის საწყისია ვიზუალიზირებული.
დასავლურ ცივილიზაციაში ქრისტიანობის შემოსვლამ, ანტიკურ საზოგადოებაში არსებული ეთიკური ნორმების რღვევა და ახალი, სულიერებაზე დაფუძნებული მორალისტური მსოფლმხედველობის დამკვიდრება განაპირობა. შესაბამისად, საზოგადოებასა და ხელოვნებაში, ღიად ჰომოეროტიკული თემატიკა ტაბუირებული გახდა, რაც ჰომოსექსუალიზმის დემონიზაციის საშუალებით მოხდა: იგი ცოდვისა და დაცემის კონტექსტში განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, ეს ფენომენი არ გამქრალა და ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაციის პირობებში მოღვაწე გეი ხელოვანებმა, მოგვიანებით, კოდირებული მხატვრული ენა გამოიმუშავეს, რომელიც ერთდროულად ხილულიც იყო და დაფარულიც.
მოდერნისტული სამყაროს ფარული პაგანური ხასიათი ქრისტიანობის ჩრდილში მოქცეულ ანტიკურ ფორმებს კულტურაში აბრუნებს, რომლებიც ისევ უკავშირდება მამაკაცური საწყისის პერცეფციასა და ჰომოეროტიკულ საწყისს. XX საუკუნის 50-იანი წლების ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმით გამოწვეული აღფრთოვანების განლევის შემდეგ, რომელიც მასკულინური საწყისის დომინირებას ეცადა, არტისტულ სცენაზე ახლად გამოჩენილმა ახალგაზრდა თაობამ, თავიანთ ნამუშევრებში, განსხვავებული თემების აქცენტირება დაიწყეს. კაპიტალისტური სამომხმარებლო რეკლამა, ავტომობილები, ფასტ ფუდი, კინო, ტელევიზია, ტაბლოიდები, კომიქსები და რევოლუციური როკენროლი, მათი დაკვირვებისა და აღფრთოვანების მთავარი წყარო გახდა, ამ თემებით გაჯერებული პოპ-არტის ხელოვნება კი, თვითგამოხატვის წამყვან არტისტულ ფორმად იქცა, რომელსაც საფუძველი ლონდონში ჩაეყარა.
ბრიტანული პოპი, 1950-იან წლების ინგლისში, ჯგუფ Independent Group-ის (დამოუკიდებელ ხელოვანთა ჯგუფი) ბაზაზე წარმოიშვა, იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეულ კრიზისს განიცდიდა. დანგრეული ეკონომიკისა და სოციალური სიდუხჭირის ფონზე, სახელოვნებო ასპარეზზე გამოსულ ახალგაზრდა ინგლისელ ხელოვანთა განსაკუთრებული მიზიდულობისა და აღფრთოვანების ობიექტი, პრიალა ამერიკული ჟურნალები გახდა, რომლებიც ენერგიას, ოპტიმიზმსა და კეთილდღეობას ასხივებდა. თუმცა, პოპ-არტის მიმდინარეობის ჩანასახები, Independent Group-ის მოღვაწეობამდე გაცილებით ადრე, ასევე ბრიტანელი ფოტოგრაფისა და დიზაინერის, სესილ ბიტონის შემოქმედებაში ჩნდება, რომელიც რიჩარდ ჰამილტონის 50-იანი წლების პირველი პოპ-არტული ნამუშევრის წინაპირობადაც შეიძლება განვიხილოთ.
სესილ ბიტონი XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფია, რომელიც წარმოშობით, საშუალო ფენის, ტრადიციული ბრიტანული ოჯახიდან იყო. ჰომოსექსუალი ხელოვანი, მის თანადროულ საზოგადოებაში ტაბუირებულ ორიენტაციას არ ფარავდა და თავის სექსუალობას ღიად და თამამად აფიშირებდა. მისი ადრეული ფოტოები, იმ დროისათვის ძალზე პოპულარული სიურეალიზმის აშკარა გავლენას განიცდიდა. 1928 წელს ბიტონი ნიუ-იორკში ჩავიდა, რის შემდეგაც ეს ქალაქი, ისევე როგორც ამ პერიოდში აქ გაბატონებული ჰოლივუდური კულტურა, მისი ფოტოების ინსპირაციის ერთერთი მთავარი წყარო გახდა. თუმცა, ბიტონის ამერიკულ მოგზაურობამდე, მასზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ფრანგმა ფოტოგრაფმა, ბარონ ადოლფ დე მეიერმა (1868 - 1947), რომელიც ცნობილი იყო ჟურნალ „ვოგში“ 1913-22 წლებში გამოქვეყნებული პორტრეტების სერიით. ადოლფ დე მეიერის ნამუშევრები, ევროპული არისტოკრატიისა და ამერიკული კონსუმერული საზოგადოების სინთეზურ ნაზავს აღბეჭდავდა, რომელიც მანერულობითა და გადაჭარბებული თეატრალურობით გამოირჩეოდა. ბიტონზე ფრანგი კოლეგის გავლენა გასაკვირი არ იყო, მათი საერთო ესთეტიკიდან გამომდინარე. სულ მცირე ხანში კი ბიტონიც იწყებს „ვოგთან“ თანამშრომლობას: 1924 წელს, მის მიერ ვოგის ფურცლებზე გამოქვეყნებული პირველი ნამუშევარი ტრანსვესტიტულ ფოტო-კომპოზიციას წარმოადგენდა, რომელშიც “მალფის ჰერცოგინიას” ბიტონისეული ვერსიაა ვიზუალიზირებული (დანართი 6). ამ ფოტოზე, ავტორმა, ინსტიტუციურად სანქცირებული სქესთა იერარქიების დესტაბილიზაცია და მათი ერთმანეთში აღრევა მოახდინა, რითაც, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა ე.წ. დასავლურ ქვიარ ესთეტიკას.
ფოტოგრაფიის გარდა, სესილ ბიტონი კოლაჟებსაც ქმნიდა მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ალბომებში. ეს კოლაჟები ბიტონის საკუთარი და სხვადასხვა ფოტოგრაფების ნამუშევრების მონტაჟებისა და პრესის ქაღალდებისაგან შედგენილ, უმეტესწილად, ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ მეგავარსკვლავების ფოტოებით შექმნილ კომპოზიციებს წარმოადგენდა. ეს კოლაჟების ალბომები, სესილ ბიტონის საკუთრება იყო, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მხოლოდ 1937 წელს გახდა ცნობილი სახელწოდებით “Cecil Beaton’s Scrapbook”. ამ წიგნის პოპულარობა, ბიტონის ობიექტივში მოხვედრილი, ჰოლივუდელი მეგა ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამსახველმა პიკანტურმა დეტალებმა განაპირობა. განსაკუთრებით საინტერესოა მასში შესული კომპოზიცია სახელწოდებით „New York Impressions“ (დანართი 7), რომელთანაც ძალიან დიდ მსგავსებას ავლენს რიჩარდ ჰამილტონის 50-იან წლებში შექმნილი პოპ არტული ნამუშევარი. ჰამილტონის კომპოზიცია (What Is It That Makes Today’s Homes So Different, So Appealling?) (დანართი 1) ჯაზის, ამერიკული ბრენდების, სამომხმარებლო ფუფუნების საგნებისა და საცვლებში გამოსახულ თანამედროვე ადამსა და ევას ფიგურებს აერთიანებს, რომლებიც ნიუ იორკის - ამერიკული ოცნების ქალაქის ხორციელ სიამეებზე მიუთითებს, ისევე, როგორც სესილ ბიტონის “ნიუ იორკის შთაბეჭდილებები.” ჰამილტონის კომპოზიციაში, არც ერთი ფიგურა არ ასახავს კონსერვატიულ ოჯახურ ყოფას. ევას როლში წარმოდგენილი მსახიობი, მეი ვესტი, 1920-იანი წლების ამერიკული ქვიარ კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული სელებრითული ხატია, რომელიც მონაწილეობდა სპექტაკლში “The drag”. თავის სურათში ჰამილტონი, მამაკაცის ათლეტურ, მუსკულატურაზე კონცენტრირებულ ფიგურასა და ქალის ე.წ „პინ-აპ“ გამოსახულებას მიზანმიმართულად ათავსებს ერთად, რადგან ორივე სქესის სიმბოლოები, ხელოვნურ, შექმნილ და არაბუნებრივ სილამაზის ეტალონს განასახიერებს, რომელიც მათი შემყურე თანადროული საზოგადოების მიბაძვისა და აღფრთოვანების წყაროა. სწორედ ასეთი, კერპად ქცეული პერსონაჟების ხელოვნური ბრწყინვალება ამსგავსებს ჰამილტონის კომპოზიციას სესილ ბიტონის ნამუშევრებთან და ხდება მნიშვნელოვანი სიმპტომი გეი ესთეტიკის შემდგომი განვითარებისათვის.
სესილ ბიტონის კოლაჟებში, ერთმანეთსაა შედარებული ჰიპერ-მასკულინური და ულტრა-ფემინური ბუნება, რაც მაყურებელში ე.წ. “ჰანკის”(Hunk - ინგ. სლენგი - დიდი, ძლიერი, სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცი) და “დივას” ტიპაჟების ეროტიკულ ასოციაციებს იწვევს. ქალის ფიგურას კი გეი ესთეტიკის ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე უმთავრესი როლი აკისრია.
გეი-კულტურის ქალი კინოვარსკვლავებით ასეთი გატაცება (diva-worship), ერთგვარად, ანტიკურ ქალღმერთ კიბელეს თაყვანისცემის კულტურულ ემანსიპაციად შეიძლება ვივარაუდოთ, ხოლო ე.წ დრეგ ქუინები - კულტის მსახურების რეანიმირებულ სახეებად. ბიტონის შემთხვევაში, ეს ჰოლივუდური კერპი- გრეტა გარბოა, ჰამილტონი კი მეი ვესტს ირჩევს თავის გმირად. ორივე ვარსკვლავი, ჰოლივუდურ ოქროს ხანას განასახიერებს, რომელიც პოსტ-კრიზისული პირველი მსოფლიო ომის მომდევნო საზოგადოების პირმშოა, რომელშიც ანტიკურ ღმერთებსა და მისტიურ ღვთაებებს, სუპერვარსკვლავები ენაცვლება. მათი „გლამურული“ ბრწყინვალება და „ღვთაებრივი“ დიდება, თითქოს თაყვანისცემის განახლებულ რიტუალს ქმნის, რომელსაც მათი „მრევლი“, ტაძრების ნაცვლად, კინოეკრანებთან მიჰყავს. ბიტონის მიერ თაყვანისცემის ობიექტად ქცეული ქალი კინო-ვარსკვლავების სახეები, მოგვიანებით პოპ-არტის ოქროს ხანის წარმომადგენლის, ენდი უორჰოლის ჰოლივუდური „სელებრითების“ ვარსკვლავურ სერიებში ტრანსფორმირდება.
პოპ-კულტურული პაგანიზმის პირობებში, ქალი კვლავ ინარჩუნებს დომინანტ პოზიციას, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საკითხი, პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ქალი-ღვთაებების გააზრებასთან. ესაა ჰომოსექსუალი მამაკაცების ესთეტიკური პერცეფციის გამოხატულება, რომელიც მდედრობითი სქესის სუპერვარსკვლავებზე კონცენტრირდება, რადგან ისინი, უნივერსალური ღვთაების სახე-სიმბოლოებად რჩებიან და, შესაბამისად, ანდროგინული მახასიათებლების განსახიერებას წარმოადგენენ .
სესილ ბიტონის შემოქმედების ჰომოეროტიკული ასპექტების მნიშვნელობა და მათი კავშირი, როგორც მოდერნის ხელოვნებასთან, ასევე ანტიკურ ტრადიციებთან, ცხადჰყოფს მის გავლენასა და წვლილს იმ კომპლექსური მხატვრული ფენომენის ჩამოყალიბებაში, რომელსაც პოპ-არტი წარმოადგენს. ამ მიმდინარეობამ ავანგარდის ეპოქა დაასრულა და ისტორიულად ტრანსფორმირებადი ჰომოეროტიკული მხატვრული ენა პოპ კულტურულ მოვლენად აქცია, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დღემდე შეუჩერებლად განაგრძობს განვითარებას.
ბიბლიოგრაფია:
- Janes, D. 2015, Cecil Beaton, Richard Hamilton and the Queer, Transatlantic Origins of Pop Art, Visual Culture in Britain, Routledge
- Paglia C. 1990, Sexual Personae, Yale University Press
- Paglia C. 1992, Sex, Art and American Culture, Vintage; 1st edition
სქოლიო:
1დასავლეთის გეი მოძრაობის განვითარების ათვლის წერტილად,.1969 წლის ე.წ. “სტოუნუოლის აჯანყება” ითვლება, როდესაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ნიუ იორკის პოლიციას, მომღერალ ჯუდი გარლანდის (1922-1969) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული სამგლოვიარო შეკრების დროს.
2ტერმინი პოპ-კულტურული პაგანიზმი (Pop culture paganism), მასკულტურის წიაღში განხორციელებული ქმედებების რიტუალურობისა და მის პაგანურ (წარმართულ) კულტურასთან კავშირის აღსანიშნავად გამოიყენება
3kalokagathia - სწავლება პლატონის ფილოსოფიის მიხედვით, რომელიც სრულყოფილი სხეულის, მორალურ და სულიერ სრულყოფილებასთან ჰარმონიულ თანაარსებობას გულისხმობს.
4აღსანიშნავია, რომ ანტიკური სამყაროს მიერ ახალგაზრდა სხეულის გაიდეალიზება, არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ რელიგიურ წარმოდგენებსაც უკავშირდებოდა.
5ვინკელმანი იყო პირველი მკვლევარი, ვინც ბერძნული, ბერძნულ-რომაული და რომანული ხელოვნების დიფერენცირება მოახდინა (Iohann Ioachim Winckelmann, Die Geschichte der Kunst des Alterthums, 1764). ცნობილია, რომ ვინკელმანი თავადაც ჰომოსექსუალი იყო და აქედან გამომდინარე, ხელოვნების ესთეტიკის საკითხებს, სწორედ ჰომოეროტიზმის ჭრილში განიხილავდა
6საინტერესოა, რომ ამის შესახებ მიუთითებდა ვინკელმანის თანამედროვე გოეთეც (Goethe, Winkelmann und sein Jahrhundert, 1805)
7ამ მეთოდს “encoding”-ს უწოდებდნენ, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია 19-ე საუკუნეში მ.ჰართლის (1877-1943) შემოქმედება. უკვე 20-ე საუკუნის 1950-60-იან წლებში, პოპ არტის ჩამოყალიბების პერიოდში, ამავე მეთოდს მიმართავდნენ რობერტ რაუშენბერგი და ჯასპერ ჯონსი, ამგვარი კოდირება ხელოვნებაში ფართომასშტაბიან ე.წ “ქვიარ” ესთეტიკად გადაიქცა, სადაც ხელოვანები განსხვავებულ სემიოტიკურ მოდელებს მიმართავენ მათი გზავნილის გადმოსაცემად.
8ეს სინთეზი ხელოვნებაში Camp-ის სტილის სახელითაა ცნობილი
9„მალფის ჰერცოგინია“ ინგლისელი დრამატურგის, ჯონ ვებსტერის ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც 1612-13 წლებშია დაწერილი
10ქვიარ - არატრადიციული ორიენტაციის სექსუალურ უმცირესობათა ესთეტიკა
11მათ შორის იყო გრეტა გარბოს ფოტოები, რომელთანაც ბიტონს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა
12პიესა მეი ვესტმა დაწერა და მცირე ხნით დაიდგა ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის სცენებზე. თუმცა, მალევე აიკრძალა ჰომოსექსუალური ტიპაჟების პორტრეტირებისთვის. ამ კონტექსტში საინტერესოა, ე.წ „დრეგ ქუინების“ ფენომენიც, რომელიც მეი ვესტის „ვარსკვლავური“ ვიზუალის აშკარა გავლენას განიცდის და ამასთანავე იზიარებს “კემპის” ესთეტიკას, რაც ყოველგვარ გადაჭარბებულსა და გროტესკულს აერთებს ჰოლივუდური “დივას“ გლამურულ სახესთან. თავად Drag- არის ხელოვნების ფორმა,რომლის ფარგლებშიც ხდება გენდერულობის საზღვრების გადალახვა.
13აღნიშნული კავშირი შეიძლება დავინახოთ ოპერის ჰომოსექსუალ თაყვანისმცემლებში, რომელთათვისაც მარია კალასი (1923 - 1977) ამ ესთეტიკის უმთავრესი ფიგურაა
დანართი 1 – Just what is it that makes today’s homes so special, so appealing? , 1956 წ.- რიჩარდ ჰამილტონი, Kunsthalle Tubingen
https://www.tate.org.uk/art/images/work/P/P20/P20271_10.jpg
დანართი 2 - წითელფიგურიანი კერამიკის ნაწარმი, ძვ.წ 480 – 470 წწ., Ashmolean Museum, Oxford
https://en.wikipedia.org/wiki/Homosexuality_in_ancient_Greece#/media/File:Art_gr%C3%A8cia.jpg
დანართი 3 - Laocoön and His Sons, ძვ.წ 42 წ., Vatican Museums
https://www.museivaticani.va/content/dam/museivaticani/immagini/collezioni/musei/museo_pio_clementino/02_03_laocoonte.jpg/jcr:content/renditions/cq5dam.web.1280.1280.jpeg
დანართი 4 – Belvedere Torso, Apollonius of Athens, Vatican Museums
https://www.museivaticani.va/content/dam/museivaticani/immagini/collezioni/musei/museo_pio_clementino/06_01_torso_belvedere.jpg/jcr:content/renditions/cq5dam.web.1280.1280.jpeg
დანართი 5 – Apollo Belvedere, 120 – 140 წწ. Vatican Museums
https://www.museivaticani.va/content/dam/museivaticani/immagini/collezioni/musei/museo_pio_clementino/02_01_apollo_belvedere.jpg/jcr:content/renditions/cq5dam.web.1280.1280.jpeg
დანართი 6 – ჯორჯ რილანდსი „მალფის ჰერცოგინიის“ როლში, 1922, სესილ ბიტონი
https://www.pinterest.com/pin/156429787031893968/
დანართი 7 – New York Impressions, 1937, სესილ ბიტონი, National Portrait Gallery
https://www.npg.org.uk/collections/search/portrait/mw70595/New-York-Impressions